დამწერლობა გრაფიკულ ნიშანთა ან გამოსახულებათა მეშვეობით სამეტყველო ინფორმაციის ფიქსაციის საშუალებაა.
ამა თუ იმ ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებულ დამწერლობას , თავისი ნიშნების ფორმითა და მნიშვნელობით , დამწერლობის სისტემა ეწოდება . ნიშანთა ერთობლიობას , დალაგებულს ტრადიციული მიმდევრობის მიხედვით, ანბანი ჰქვია.
ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, რომელსაც საკუთარი ანბანი და დამწერლობა აქვს.
ქართული კონსონანტურ - ვოკალიზებული დამწერლობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ანბანი შედგება როგორც თანხმოვნებისაგან, ასევე ხმოვნებისაგან. მისი წარმომავლობის შესახებ მრავალი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობს.
XI სკ-ის ცნობილი მოღვაწის ლეონტი მროველის მიერ დაწერილ ,,ქართლის ცხოვრებაში ’’ ნათქვამია, რომ ქართული დამწერლობა მეფე ფარნავაზის დროსაა შექმნილი ,,ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იძრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული’’.
მემატიანის ამ ცნობის შესახებ ივ. ჯავახიშვილი წერდა: ქართულ საისტორიო მწერლობაში მხოლოდ ლეონტი მროველის თხზულებაში გვხვდება ცნობა ქართული ანბანის გამოგონების დროისა და შემდგენელის პიროვნების შესახებ. მას ქართული ,,მწიგნობრობა“ ფარნავაზ მეფის შემოღებულად მიაჩნია, რადგან ფარნავაზი ამ ისტორიკოსს საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წეს-წყობილების , სარწმუნოების შემოქმედად ჰყავს გამოყვანილი და ზღაპრულ პიროვნებად არის ქცეული, ამიტომ ლეონტი მროველის ამ ცნობას ფასი ეკარგება
მეორე ცნობა ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ დაცულია სომხურ წყაროებში. ეს არის კორიუნის ,,მესროპ მაშტოცის ცხოვრება”, სადაც მოთხრობილია , თუ როგორ შექმნა მესროპ მაშტოცმა ჯერ სომხური ანბანი და შემდეგ იზრუნა ბარბაროსი ქვეყნებისთვის და შეუდგა ქართული დამწერლობის შექმნას ,,ღმრთისაგან მისთვის ბოძებული მადლით“. ამ წყაროების მიხედვით, მან მოხაზა , დაალაგა და დააწყო ქართული გრაფემები და გამოემგზავრა ივერთა ქვეყანაში. ქართლის მეფეს-ბაკურს და კათალიკოს მოსეს წარუდგინა თავისი ხელოვნება და არიგებდა მათ. კორიუნის ცნობით, მაშტოცი მას შემდეგ წავიდა საქართველოდან, როცა ყველაფერი მოაწესრიგა.
დაახლოებით ამავე სქემით შეუქმნა, კორიუნის ცნობით, მესროპ მაშტოცმა ალბანელებს ანბანი და საქართველოს შემდეგ თავისი მოღვაწეობა იქ გააგრძელა.
კორიუნის თხზულებას ვრცელი გამოკვლევა მიუძღვნა ივ. ჯავახიშვილმა და დაასკვნა, რომ აშკარაა ქართული ანბანის (აგრეთვე ალბანურის) შემოქმედად მაშტოცის გამოცხადების მცდარობა. თუნდაც იმიტომ, რომ მან არ იცოდა ქართული ენა და კაცი რომელიც საკუთარი ქვეყნის ანბანის შექმნისას ,,ფრიად დაშვრა“, მისთვის სრულიად უცხო ენის ანბანის შექმნა ასე მარტივი საქმე არ იქნებოდა. საფიქრებელია, რომ მაშტოცმა ისარგებლა სირიულ და ბერძნულ ანბანთან ერთად ქართული ანბანითაც. კორიუნის თხზულებაში ეს ცნობა ამოიღეს და ჩაურთეს ლეგენდა ქართული ანბანის მაშტოცის მიერ შექმნის შესახებ.
ივანე ჯავახიშვილის თეორია ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ
ივ. ჯავახიშვილი ქართული დამწერლობის წარმომავლობას გრაფიკული შედარების მეთოდით იკვლევდა. მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, მან დაასკვნა, რომ ჯერხანად ცნობილი მეექვსე საუკუნის ქართული დამწერლობის ძეგლები ისეთი მაღალხარისხოვანი კალიგრაფიული განვითარების საფეხურს წარმოადგენენ, რომ ქართული ანბანის დასაწყისი ხანა სულ ცოტა 7-8 საუკუნით უწინარეს არის საგულისხმები, ამასთანავე, ქართული ანბანის ასოთა რიგობითი მიმდევრობა და მოხაზულობა ახლოსაა ფინიკიურ-სემურ ანბანთან.
ივ. ჯავახიშვილი თავის თეორიას ჰიპოთეზას უწოდებდა , თუმცა დაბეჯითებით აცხადებდა, რომ ,,ეხლა მაინც სამუდამოდ უკუგდებულ უნდა იყოს აზრი ქართული ანბანის მე-5 საუკუნეში გამოგონების შესახებ და უნდა განმტკიცდეს აზრი, რომ ქართული დამწერლობა გაცილებით უფრო ძველია და მისი დასაწყისი შორეულ წარსულში უნდა ვეძიოთ“.
ქართული ანბანის ბერძნულიდან მომდინარეობის თეორია
ვრცელია იმ მკვლევრების ჩამონათვალი, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ქართული დამწერლობა ბერძნულიდან უნდა მომდინარეობდეს. ამის საფუძველს ქმნის ის ფაქტი, რომ ქართული ანბანი ბერძნულ ანბანში მისდევს ასოების რიგს. ამ თვალსაზრისს კორნელი კეკელიძის აზრით, სხვა მრავალი ფაქტორი უმაგრებს ზურგს. მაგალითად, ის, რომ
1. ანბანის შემოღებისას, ბერძნებს, როგორც ქრისტიანობისა და მისი მწერლობის პირველწყაროს, მეტი მისაბაძი ღირებულება ექნებოდა ქართველებისათვის. 2. წერასთან დაკავშირებული ზოგი ტერმინი ნასესხებია ბერძნულიდან (კალამი, მელანი, წიგნი). 3. ხმოვანი ნიშნები, რომელიც ქართულშიც გვაქვს , პირველად ბერძნებმა შემოიღეს. 4. წერის მიმართულება ქართულსაც ისეთივე აქვს , როგორიც ბერძნულს. 5. ზოგიერთი ქართული ასოს დაწერილობა ბერძნულიდან არის გადმოღებული, ან ძალიან ახლოს დგას მასთან.
ქართული დამწერლობის შექმნის ეპოქა
სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა დიდი სხვადასხვაობაა ქართული დამწერლობის შექმნის ეპოქის შესახებ.
დ. ბაქრაძე მიიჩნევდა , რომ ქართული დამწერლობა ბერძნული კოლონიზაციების ეპოქაშია შექმნილი. მ. ჯანაშვილის აზრით, ქართული ანბანი შეიქმნა არაუადრეს ჩვ. წთ. აღ-მდე მე-14 საუკუნისა.
ივ ჯავახიშვილის ვარაუდით, ქართული დამწერლობა შეიქმნა ჩვ.წთ. აღ-მდე არაუადრეს მე-7_მე-6 საუკუნეებისა. რ. პატარიძე ადრე ასახელებდა მეხუთე საუკუნეს , ამ ბოლო ხანს კი 284 წელს შექმნილად მიაჩნდა ქართული დამწერლობა . პ. ინგოროყვასა და გ. წერეთელსაც მიაჩნდათ , რომ ქართული ანბანი ქრისტიანობამდელია.
ქართულ ანბანს ქრისტიანობას უკავშირებენ კ. კეკელიძე, ა. შანიძე, თ. გამყრელიძე, ე. ბოედერი და სხვები. ქართულ საისტორიო წყაროებში დაწვრილებითაა მოთხრობილი ქართლის გაქრისტიანების შესახებ. საგულისხმოა, რომ თუ ამავე პერიოდში შეიქმნებოდა ქართული ანბანი, მემატიანე ამ მნიშვნელოვან ფაქტს აუცილებლად აღნიშნავდა. ეს ფაქტი კი ზემოთხსენებული მკვლევრების მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს.
ქართული დამწერლობა მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში უკვე არსებობდა. ამას მოწმობს ქართლის ცხოვრება: ,,მაშინ გულისხმა-ყო მეფემან მირიან, რამეთუ ძუელნი წიგნნი და ახალნი ეწამებოდეს და ნებროთის წიგნიცა დაამტკიცებდა “ამრიგად, მირიანს ჰქონია ნებროთის წიგნი (საფიქრებელია, ქართულად) . ამასთანავე ნინოს ამბავი ჩაიწერეს აბიათარ მღვდელმა და სიდონიამ, აგრეთვე სალომე უჟარმელმა და პეროჟავრი სივინიელმა.
No comments:
Post a Comment